დისტანციური დასაქმება ახალი დროის მეტად აქტუალური და ინოვაციური დასაქმების ფორმაა, რომელმაც 2020 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) პანდემიის გამო.
სოციალური დისტანცირება, დახურულ სივრცეებში შეკრებისაგან თავის არიდება, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლის შეზღუდვა ამ წლის დასაწყისიდანვე ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. შესაბამისად, გაჩნდა თანამშრომლების სამუშაო ადგილიდან დისტანცირების საჭიროება, რამაც დაგვანახა, რომ სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციების შეუფერხებლად ფუნქციონირება სამუშაო ადგილზე გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია.
მეტიც, დასაქმების ამ ფორმას რიგი ისეთი უპირატესობების ახასიათებს, როგორიცაა:
ლოგისტიკური ხარჯების შემცირება
დისტანციური დასაქმების დროს, დამსაქმებელი კომპანიისთვის აღარ არის აუცილებელი საოფისე სივრცის მოსაწყობად ხარჯის გაწევა, შესაბამისად იკლებს კომუნალური გადასახადი, ოფისის მოვლის ხარჯები, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა-შენახვის ხარჯები.
მეტი კვალიფიციური პროფესიონალის მოზიდვა
კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60%, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობას მიანიჭებდა ისეთ სამსახურს, სადაც სამუშაო ადგილზე გამოცხადება საჭირო არ არის.
მუშაობის დისტანციური ფორმა მეტად პროდუქტიული და ნაკლებად სტრესულია
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით [https://www.gsb.stanford.edu/insights/why-working-home-future-looking-technology], დისტანციური დასაქმების დროს, დასაქმებული სამუშაო დროს გაცილებით ეფექტურად გამოიყენებს, რაც განპირობებულია სამუშაო დროის და პროდუქტიულობის ავტონომიურად მართვის შესაძლებლობით; ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს დამსაქმებელთან ურთიერთობაში ნდობის ფაქტორის წინა პლანზე გამოსვლას.
ადამიანური რესურსის გადინების პრევენცია
როგორც კომპანია “Procter&Gamble” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს [https://www.wbur.org/hereandnow/2019/07/23/work-from-home-benefits], რომ სახლიდან მუშაობის შეთავაზების შემთხვევაში, კადრების გადინება საშუალოდ 50% მცირდება.
ზემოთჩამოთვლილი უპირატესობების მიუხედავად, ვთვლით, რომ დასაქმების პოლიტიკა ყველა კერძო თუ საჯარო ინსტიტუციისთვის ვერ იქნება უნიფიცირებული. თითოეული დამსაქმებელი საკუთარ განუმეორებელ სტრატეგიას ირჩევს დასაქმებისა და ადამიანური რესურსების მართვისათვის, რომელიც დაფუძნებულია მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და კონცეფციაზე.
onlinecareer.ge კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას განათავსონ ინფორმაცია დისტანციური ვაკანსიების და/ან სასწავლო კურსების შესახებ. ასევე ამ გვერდის მეშვეობით, ვეცდებით ხელი შევუწყოთ დამსაქმებლებს და დასაქმების მაძიებელ პირებს მოიპოვონ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია (საკანონმდებლო სიახლეები, დოკუმენტების ნიმუშები, კვლევები და სხვა), რომელიც მათ დაეხმარებათ როგორც დასაქმების პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე კარიერის დაგეგმვაში.